თეთრი ოთახი
ოთახი თეთრია, როგორც ფურცელი, რომელზეც ჯერ არავის უწერია. ფანჯარა ერთია და ისიც ჩრდილოეთით — შუადღეს აქ არასოდეს არ იცის. მაგიდაზე ჭიქა დგას. ჭიქა არაფერს ნიშნავს. ეს მისი მთავარი ღირსებაა.
ძველი მისამართი
ქუჩას სახელი შეუცვალეს და სახლმა ვერ იცნო თავისი მისამართი. ახლა კონვერტები ბრუნდება წარწერით: „ასეთი აღარ არსებობს“. მე კი ვდგავარ იმავე კარებთან და ვიცი — არსებობს. უბრალოდ, სხვა სახელით.
თარგმანი
ერთი ენიდან მეორეში სიტყვა მიდის ფეხით, ჩემოდნით. საზღვარზე ეკითხებიან: — რას ეძახდნენ იქ, საიდანაც მოხვედი? — ეძახდნენ სახლს, — პასუხობს სიტყვა. — აქ ეს სახლი არ არსებობს. — ვიცი, — ამბობს სიტყვა და მაინც შედის.